Tel: +995 593 171 772|rcda@rcda.ge

ტყის არამერქნული პროდუქტების ონლაინ რეალიზაციისთვის სპეციალური ვებ-გვერდი შეიქმნა

2018-03-15T00:09:56+00:0015 მარტი, 2018|

საქართველოს ტყე მდიდარია სხვადასხვა რესურსით, სადაც მერქნის გარდა მოიაზრება არამერქნული პროდუქტებიც, როგორიც არის ხილ-კენკრა, სოკო, სამკურნალო და თაფლოვანი მცენარეები და სხვა.

უცხოეთის მრავალ ქვეყანაში ტყის არამერქნული რესურსებიდან მიღებული შემოსავლები საგრძნობლად დიდია, ანუ მეტია ან ტოლი მერქნიდან მიღებული შემოსავლის. განსაკუთრებით აქტუალურია სამკურნალო მცენარეები და ველური ხილ-კენკრა, რაც ეკოლოგიურად შედარებით სუფთა გარემოში მიიღება და ამ მხრივაც უფრო მეტი ეკონომიკური დატვირთვა აქვს.

ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვება-რეალიზაცია შეიძლება განიხილოს საქართველოში სოფლად მცხოვრები, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ერთ-ერთ რეალურ წყაროდ. მიუხედავად ამისა,  სასოფლო თემების ძირითად ნაწილში ისინი სრულიად გამოუყენებელი და აუთვისებელია.

სოფლად თემთა განვითარების სააგენტომ (RCDA), პროექტის – „ტყის არამერქნული პროდუქტების შეგროვება და გადამუშავება – ქალთა ჯგუფებისათვის ბაზრების მოპოვების შესაძლებლობა“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციის OXFAM საქართველოსა და ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის BLF (Big Lottery Fund) მხარდაჭერით, შექმნა სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს (რეგისტრაცია უფასოა) და განათავსოს განცხადება მის მიერ წარმოებული, მოპოვებული/შეგროვებული და გადამუშავებული პროდუქციის შესახებ (ტყის არამერქნული პროდუქტები, ხილი, კენკრა და სხვა) გაყიდვაზე.

მომხმარებელს, აგრეთვე შეუძლია გაეცნოს, როგორც ტყის არამერქნული პროდუქტების (ხილ-კენკრა, სოკო, სამკურნალო მცენარეები და სხვა) ვრცელ კატალოგს, ასევე ამ დარგში მომუშავე სხვა დაინტერესებული პირების (ფერმერები, საოჯახო მეურნეობები, კოოპერატივები, კერძო საწარმოები) საქმიანობას. აღნიშნული ვებ-გვერდი წარმოადგენს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მცირე ბიზნესის რეალიზაციის ერთ-ერთ შესაძლებლობას. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://rcda.ge/ntfp/ .